მაღაროელების აქცია გრძელდება – უკვე მეცხრე დღეა, ჭიათურაში შეკრებილები დამსაქმებლისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის მომატებას ითხოვენ. ათი ადამიანი მესამე დღეა შიმშილობს. მოთხოვნებს შორისაა შრომითი უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო გეგმის შესასრულებლად ახალი ტექნიკის შემოტანაც. თანამშრომლები „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შეთავაზებულ ახალ სამუშაო სამცვლიან გრაფიკს აპროტესტებენ, რამაც, მათივე განმარტებით, ანაზღაურების შემცირება და სამუშაო დღეების მატება გამოიწვია.
თავის მხრივ, სამუშაო გრაფიკის ცვლილებასა და ხელფასის არასრულად ანაზღაურებას საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარებით ხსნის მენეჯმენტი. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მედიატორის საშუალებით, სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყება. ოთხი თვეა, ჭიათურაში ფეროშენადნობ მასალებზე ნაკლები მოთხოვნის გამო, ყველა მაღარო დახურულია, მაისიდან მუშაობა მხოლოდ ერთ მაღაროში განახლდა, თუმცა ამ დროისთვის აქციის გამო პროცესი შეწყვეტილია.