მაღაროელების პროტესტი

პროტესტმა ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა.

მაღაროელების ნაწილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და პარლამენტის წინ შიმშილობს. საკანონმდებლო ორგანოსთან სოლიდარობის აქციებიც დაიწყო. მედიაციის მიუხედავად, კომპანიასა და დასაქმებულებს შორის შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. მაღაროელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზება, რაც ხელფასის მხოლოდ ხუთი %-ით მატებას გულისხმობს. მოთხოვნაა ანაზღაურების 20%-ით ზრდა, ძველი სამუშაო გრაფიკის აღდგენა და სამუშაო ტექნიკის გაუმჯობესება – დაყენებულია სულ 14 საკითხი. თავის მხრივ საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობ მასალებზე შემცირებული ფასების და მოთხოვნის გამო კომპანიაში არსებულ ფინანსურ კრიზისზე მიუთითებს „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც მედიატორებს ინფორმაციის გადასამოწმებლად აუდიტის ჩატარებასაც სთავაზობს. ამ დროისთვის ჭიათურაში ყველა მაღარო გაჩერებულია. ადგილზე უკმაყოფილება თებერვლიდან დაიწყო, როცა საწარმოო პროცესის ნაწილობრივ აღდგენის შემდეგ მაღაროელების 12-საათიანი სამუშაო განრიგი 8-საათიანი გრაფიკით შეიცვალა, თუმცა ანაზღაურება უცვლელი დარჩა.