ჭიათურაში გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის მორიგი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.
ერთ-ერთმა მოშიმშილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. შიმშილობის მე-5 და საპროტესტო აქციის მე-11 დღეს მაღაროელების მოთხოვნები უცვლელია. მაღაროელები ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობების და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ მენეჯმენტსა და იმ თანამშრომლებს შორის, რომლებიც შეცვლილ სამუშაო პირობებს არ თანხმდებიან, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება. შეთანხმება უკვე მიღწეულია ძირითად საკითხებზე. ხელფასის მატება, კომპანიის წინადადებით, 5%-ით განისაზღვრება, ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებასთან დაკავშირებით კი მოლაპარაკება გრძელდება. პარალელურად, კომპანია ყველა დასაქმებულს მუშაობის განახლებას და ხელფასის 100 %-ით გადახდას სთავაზობს, ბონუსები და ბენეფიტები კი წარმოების განახლების შემდეგ, ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვრება. თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობაზე უარს იტყვიან და გაფიცვას განაგრძობენ, კომპანია მედიაციის დასრულებამდე სპეციალურ სამუშაო რეჟიმს პირველ აგვისტომდე გაუხანგრძლივებს და ხელფასის 60 %-ს გადაუხდის.