ლევან ხაბეიშვილი კახაბერ გვანცელაძის გათავისუფლებას ითხოვს

თანამდებობიდან ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის გათავისუფლებას ითხოვს თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი. დეპუტატის განცხადებით, კომპანია „მზიური“, რომელიც თბილისის ბაგა-ბაღებს კვებით უზრუნველყოფს, ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს. კერძოდ, ლევან ხაბეიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ბავშვის კვების ხარჯი თითქმის ერთი ლარით, საერთო ბიუჯეტი კი, 1 200 000 ლარით გაიზარდა, კომპანიას ბაღებში პროდუქტი დროულად ვერ შეაქვს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს თბილისის მერის მოადგილემ უპასუხა. ილია ელოშვილი ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგებაში პრობლემას არ ადასტურებს. დაფინანსების ზრდას კი ბავშვებისთვის სრულფასოვანი რაციონის მიწოდების აუცილებლობით ხსნის.