განათლების სისტემაში პოლიტიკური ნიშნით დევნაზე ლაპარაკობენ პარტია „ლელოში“. პოლიტიკური გაერთიანების წევრებმა თბილისში 51-ე სკოლასთან ბრიფინგი გამართეს. „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრის განცხადებით ის ორი წლის განმავლობაში 51-ე საჯარო სკოლაში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურში მუშაობდა და დისკრიმინაციული მიზეზით გაათავისუფლეს სამსახურიდან. მანანა ღვინჯილიას მტკიცებით, ის წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებულ პოლიტიკურ რეპრესიას შეეწირა. მანანა ღვინჯილია ამბობს, რომ არის აფხაზეთიდან დევნილი და შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩა. 51 სკოლის ადმინისტრაცია ბრალდებას განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც უარყოფილია დისკრიმინაციული მიდგომა და წერია, რომ მანანა ღვინჯილია სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის გამო გაათავისუფლეს.