„ლელო“ თბილისის მერიას სარეაბილიტაციო თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს. „ლელოს“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, საუბარია ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე, სადაც რეაბილიტაცია ივნისში დასრულდა, თუმცა ინფრასტრუქტურა კვლავ მოუწესრიგებელია. გიგლა მიქაუტაძის თქმით, „ახმეტელის მეტროს“ მიმდებარედ სამანქანო გზა თბილისის მერიას ამ დრომდე არ დაუხაზავს და ასევე არ მუშაობს შუქნიშნები, რაც მოსახლეობის გადაადგილებას საფრთხეს უქმნის.
მიქაუტაძის თქმით, პრობლემის გადასაჭრელად მათ დედაქალაქის მთავრობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, რეაგირება არ მოყოლია. „ლელოს“ წარმომადგენლებმა ხიზანიშვილის ქუჩაზე საფეხმავლო გზის დახაზვა ორი დღის წინ თვითნებურათაც დაიწყეს, რისი უფლებაც კანონის შესაბამისად სამართალდამცველებმა არ მისცეს.
„თბილსერვის ჯგუფში“ „ლელოს“ ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩის გზების დახაზვითი სამუშაოები მიმდინარეობს.