21 წლის ლაზარე გრიგორიადისის პროცესზე დღეს შსს-ს ექსპერტი, ქიმიკოსი ალექსანდრე დადიანიძე დაიკითხა. მან გრიგორიადისის ქურთუკზე ნავთობპროდუქტების კვალის არსებობა დაადასტურა. ადვოკატი დაინტერესდა, შესაძლებელი იყო თუ არა გრიგორიადისის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი ჰაერის დაბინძურების შედეგად მოხვედრილიყო, რაზეც მოწმემ განაცხადა, რომ დაბინძურებულმა გარემომ ტანსაცმელზე კვალი შესაძლოა დატოვოს, თუმცა, მხოლოდ ნავთობპროდუქტების ბაზაზე ყოფნის შემთხვევაში. პროკურორის განცხადებით, მოწმის ჩვენება მიუთითებს, რომ გრიგორიადისმა პოლიციელების წინააღმდეგ ე. წ. მოლოტოვის კოქტეილი გამოიყენა. გრიგორიადისს ბრალი პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების დაზიანებაში ედება, რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გრიგორიადისი 7-8 მარტის აქციების საქმეზეა დაკავებული.