კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ერთად, თანამედროვე ხელოვნების რეგიონულ ცენტრს, არტ-ვილა „გარიყულას“ ესტუმრა. მინისტრი ცენტრის საქმიანობას გაეცნო და მისი ხელმძღვანელისგან „გარიყულას“ წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
„გარიყულა“ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს და თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი კულტურული ცენტრების არსებობა, მით უმეტეს რეგიონებში, რათა მოხდეს კულტურის პოპულარიზაცია და სამინისტრო ყოველთვის იქნება მსგავსი პროექტების მხარდამჭერი. ამისთვის თეა წულუკიანმა „არტ-ვილა“ „გარიყულას“ ხელმძღვანელს შესთავაზა კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრის გამართვა, რათა მოხდეს ცენტრის წინაშე არსებულ გამოწვევებზე უფრო დეტალური მსჯელობა და სამომავლო გეგმის დასახვა.