ღაზის სექტორის შემდეგ კიდევ ერთი ცხელი წერტილი.
სიტუაცია უკიდურესად მწვავდება წითელ ზღვაში. იემენელი „ჰუსიტების“ მხრიდან კომერციულ გემებზე მიტანილი იერიშების გამო საერთაშორისო გადაზიდვები შეფერხებულია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იემენის სანაპიროსთან რაკეტა კიდევ ერთ სავაჭრო გემს მოხვდა. შიიტი მებრძოლები, რომლებიც ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას აპროტესტებენ, შეჩერებას არ აპირებენ. მათ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი დარტყმების შემდეგ საპასუხო იერიშები დაიწყო. ევროპა-აზიის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის საზღვაო მარშრუტის და საერთაშორისო გადაზიდვების დასაცავად ვაშინგტონი და ლონდონი მომავალში დამატებით ქმედებებს არ გამორიცხავენ. ამერიკის და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი ოპერაციის შემდეგ ლიბანში მოქმედი დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ესკალაციის ზრდას და კონფლიქტის არეალის გაფართოებას პროგნოზირებს.