კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში - TI-ის კვლევა

კორუფციის რისკები საერთო სასამართლოების სისტემაში. საკითხზე კვლევის შედეგები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” წარადგინა.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ამ ტიპის კვლევა საქართველოში პირველად მომზადდა და მასში წარმოდგენილი მიგნებები 2018 წლის აპრილისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, არსებული კანონმდებლობა, მათ შორის, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ინტერესებს და მათ კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება.

კვლევის მიხედვით, სასამართლოში არსებობენ გავლენიანი მოსამართლეები, რომლებიც ძირითადად საბჭოში ერთიანდებიან და აქვთ მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენის სხვადასხვა ბერკეტი.

ბრალდებებს უპასუხა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ კვლევა ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა და არასწორი ფაქტები სასამართლოს დისკრედიტაციას ემსახურება. გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ რამდენიმე პირის კონფიდენციალური გამოკითხვით ეს კვლევა ვერ იქნება სანდო და არგუმენტირებული, თუმცა ასე არ მიიჩნევენ საბჭოს არამოსამართლე წევრები. მათი თქმით, ე.წ. კლანური მმართველობა საერთო სასამართლოებში აქამდეც არსებობდა.