ვითარება მძიმდება ქვეყნებში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. კორონავირუსის ზრდის ტემპით მსოფლიოში პირველ ადგილზე ესპანეთია, სადაც 30 ათასამდე ქართველი იმყოფება. ქვეყანაში უკვე 85 ადამიანი გარდაიცვალა. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებიდან, ყველაზე მეტი რუსეთის ფედერაციაშია, სადაც ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა 800 ათასს აღწევს. ამ ეტაპზე რუსეთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, ოფიციალურად დაავადებულია 28 ადამიანი, რაც 150-მილიონიანი ქვეყნისთვის ეპიდემიის ნიშნულად არ ითვლება. თუმცა დღეს რუსეთში კოვიდ 19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მეორე ადგილზე ქართველი ემიგრანტების რაოდენობის მიხედვით საბერძნეთია, სადაც 250 ათასი თანამემამულე ცხოვრობს. საბერძნეთში ამ დროისთვის ახალი ვირუსით დაინფიცირების 120-მდე შემთხვევაა დადასტურებული, გუშინ კი ქვეყანაში კორონავირუსს პირველი პაციენტი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება უკრაინაში და თურქეთში, სადაც ჯამში 250 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს. ორივე ქვეყანაში ერთად მხოლოდ ხუთი შემთხვევა დასტურდება, გარდაცვლილები არ არიან. აშშ-ში, სადაც 80 ათასამდე ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს ვირუსის 1700-მდე შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 40 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან 31 – ვაშინგტონში. აზერბაიჯანში გუშინ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ კი ქვეყანაში 15 ინფიცირებულია. სწრაფად ვრცელდება ვირუსი გერმანიაში, სადაც 25 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს, ქვეყანაში 2745 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ექვსი გარდაიცვალა.