კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მეოთხე გლობალური კონფერენცია – ქალაქ ბონში მიმდინარე ღონისძიებას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორიც დაესწრო. პანელზე – „რატომ ირჩევენ მედია ლიდერები კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას, როგორც სარედაქციო სტრატეგიას“ განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პოლარიზაცია, როგორც მორიგი პანდემია; დემოკრატიის, მედიისა და პოლიტიკის მიმართ ნდობის შემცირების პირობებში ახალი ამბების გაშუქების თავიდან გააზრება. ასევე დაისვა კითხვები, როგორ გავაშუქოთ ომი და კონფლიქტი კონსტრუქციულად.
თინათინ ბერძენიშვილთან ერთად, პანელში მონაწილეობა მიიღეს დანიის ტელევიზიის დირექტორმა, აღმასრულებელმა რედაქტორმა და „დოიჩე ველეს“ აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, რამდენიმე თვეა, საქართველოს პირველი არხი ახალი ამბების გაშუქების ახალ და ევროპის წამყვან ქვეყნებში უკვე დამკვიდრებულ სტანდარტს – კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას ნერგავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის 11-მა ჟურნალისტმა უკვე გაიარა კურსი დანიაში, ორჰუსის უნივერსიტეტის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტში. გადამზადების პროცესი 2022 წლის სექტემბერში გაგრძელდება.