ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება სამშენებლო კომპანია „ფერი“, რომლის ძირითად საქმიანობას რთულ რელიეფურ პირობებში ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, მილსადენებისა და გზების მშენებლობა წარმოადგენს. განცხადებაში ვკითხულობთ: „საკამათო არ არის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა განიცდის მნიშვნელოვან აღმავლობას, რაც სტატისტიკური მონაცემებით და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით დასტურდება. აღნიშნული მნიშვნელოვნად განპირობებულია ქვეყანაში არსებული მშვიდობითა და სტაბილურობით. ასევე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების, ბიზნეს წრეებთან უშუალო და საქმიანი ურთიერთობით და ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნით. ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე სიარული და ასევე ქვეყანაში შესაძლებელი იყოს ისეთი დემოკრატიული პრინციპის დანერგვა, როგორიც ფინანსური გამჭვირვალობაა“ – აცხადებენ კომპანიაში.