ექვსი პარტიისა და არასამთავრობოების ერთობლივი გეგმა

ექვსი ოპოზიციური პარტია კოორდინირებულად, სადავო კანონის პროექტის მეორე მოსმენის დღისთვის ემზადება. გავრცელდა ერთობლივი განცხადება. „ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ვუერთდებით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ საქართველოს მოქალაქეებს, რათა კიდევ ერთხელ, მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ „კი“ ევროპას, „არა“ რუსულ კანონს! ვაფასებთ სამოქალაქო სექტორის პოზიციას ღირსების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირებაზე უარისა და რუსული კანონის გახმობამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ“. – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე წერია – „მივმართავთ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს. ჩვენ კარგად გვესმის პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც „ქართული ოცნება“ თქვენს წინააღმდეგ იყენებს. თუმცა, ეს ის მომენტია, როდესაც თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააკეთოს ერთადერთი სწორი არჩევანი – არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების მითითებას და ნუ გახდებით ივანიშვილის ფარი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლაში. განცხადებას ხელს აწერენ პარტიები: „ახალი“, „გირჩი მეტი-თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი.“