კომპანია „ენკას“ საქართველოდან გასვლას ეხმაურებიან პოლიტიკოსები. ოპოზიციის რეაქცია მწვავეა, ისინი მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. შეგახსენებთ, კომპანია „ენკამ“ ორი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ თურქული კომპანია რიონის ხეობაში „ნამახვანჰესს“ აღარ ააშენებს. ინვესტორი, რომელიც მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურის აშენება-მართვა-ექსპლუატაციაზე იყო პასუხისმგებელი, გადაწყვეტილების მიზეზად ხელშეკრულების პირობების დარღვევას ასახელებს. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ, ხეობაში კაშხლის მშენებლობა შეჩერებული იყო და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიზნით, დამატებითი კვლევები ტარდებოდა.