კლინიკების დაფინანსების ახალი წესი ხვალიდან ძალაში შედის. იგულისხმება დიარჯის სისტემა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ საავადმყოფოებს ეხება. ცალკეული გამონაკლისების გარდა ყველა კლინიკა ერთი და იმავე დიაგნოზის მქონე პაციენტებს გათანაბრებული ტარიფებით მოემსახურება. ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმის მთავარ მიზნად მოქალაქეების ჯიბიდან გაწეული ხარჯების მაქსიმალურად შემცირებას ასახელებს. თუმცა, ჩნდება კითხვა – რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დამატებითი სერვისის მიღება ან კონკრეტული წარმოების სამედიცინო მასალა სურს, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით შეთავაზებულ პაკეტში არ შედის.
დაფინანსების ახალი სისტემის გარშემო გაჩენილი შეკითხვებით „მოამბემ“ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.