ჯანმრთელობის მსოფლიო დღე - საქართველოს გამოწვევები

სარეაბილიტაციო პროგრამების ნაკლებობა ქართული ჯანდაცვის ერთ-ერთი სუსტი რგოლია.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წლებია, მოზრდილი მოქალაქეებისთვის სარეაბილიტაციო კურსებს არ აფინანსებს. პრობლემა ყველაზე მძიმედ ინსულტგადატანილ ადამიანებზე აისახება, რის გამოც მათ საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურების გავლა საკუთარი სახსრებით უწევთ. ცალკე გამოწვევაა შესაბამისი სპეციალისტების დეფიციტი და კომპეტენცია, რის გამოც შესაბამისი კურსების გავლა კერძო სადაზღვევო პაკეტებშიც არ არის გათვალისწინებული. 2023-27 წლებზე გათვლილ სტრატეგიაში ამ მიმართულების განვითარება და დაფინანსებაც მოხვდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის გარდა სტრატეგია რეაბილიტაციის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ მომზადებას, კადრების გაძლიერებას და შესაბამისი სარეაბილიტაციო კლინიკების რაოდენობის ზრდასაც გულისხმობს.