ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტები სრულად დაფინანსდება

ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის კონკრეტული შედეგი – ონკოპაციენტებისთვის ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიისა და იმუნოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, წლის განმავლობაში გამოყოფილი 25 000 ლარით კი სამედიცინო სერვისები, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომლებიც პაციენტს მკურნალობის დაგეგმვისა და შედეგის შეფასების მიზნით სჭირდება. უწყების ამ გადაწყვეტილებას წინ ონკოპაციენტების თითქმის ერთწლიანი პროტესტი უძღოდა. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეები ახლა უკვე მედიკამენტების დეფიციტზე საუბრობენ.