კიევი ბელარუსს აფრთხილებს, უკრაინის საზღვრიდან უკან დახიოს შეიარაღებული ძალები და შეწყვიტოს არამეგობრული ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკავს ჩაერთოს ომში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ – „ჩვენ ვაფრთხილებთ ბელარუსის ოფიციალურ პირებს, მოსკოვის ზეწოლის ქვეშ არ დაუშვან მათი ქვეყნისთვის ტრაგიკული შეცდომა“. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ დაზვერვის მიერ მიწოდებული ცნობებით, ბელარუსი უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე გომელის რეგიონში, „სწავლების სახით“ თავს უყრის მრავალრიცხოვან პერსონალს, რომელთა შორისაც სპეციალური დანიშნულების ძალები, შეიარაღება და სამხედრო აღჭურვილობაა, ასევე „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მესამედი უკრაინის საზღვრის სიახლოვეს განათავსა, რაც უკრაინის მიერ საზღვრის სიახლოვეს მობილიზებული სამხედროების საპასუხო ზომად განმარტა. „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უკრაინას არასდროს მიუღია და არ აპირებს მიიღოს არამეგობრული ქმედებები ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ“ – წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ბელარუსული ძალების კონცენტრირება ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგურის სიახლოვეს, „სწავლების ჩატარება სასაზღვრო არეალში ბირთვულ ობიექტის სიახლოვეს, საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას და ზოგადად გლობალურ უსაფრთხოებას“.