ხმაური იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიამ და ფრაქცია ენმ-ს წევრმა პაატა ადამიამ.
დეპუტატებს 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე განცხადების გაკეთება უნდოდათ, რისი საშუალებაც უმრავლესობის წარმომადგენლებმა არ მისცეს.
საკრებულოს წევრი ბათლომე შელია ამბობს, რომ მას სხდომაზე „ქართული ოცნების“ „ზონდერები“ შეუყვანეს, რომლებმაც ტაშის დაკვრით და შეძახილებით აზრის გამოთქმის საშუალება არ მისცეს.
სხდომა დატოვა ფრაქცია ენმ-ს წევრმა პაატა ადამიამაც. მასაც სურდა განცხადების გაკეთება. ადამიამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უზრდელი უწოდა, რადგან ის მისი საუბრის პარალელურად ლაპარაკობდა.