საქართველოში გერმანიის ელჩი, გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა.
უწყებამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის მთავრობამ შეუკვეთა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „შეკვეთილი მკვლელობის ფონს წარმოადგენდა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოსთან, ასევე ჩეჩნეთის და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან და საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან“.
საქართველოში გერმანიის ელჩი ამბობს, რომ პროკურატურის ფორმულირება უკეთესადაც შეიძლებოდა და სამწუხაროა, რომ საკითხის წარმოჩენა იმ კუთხით მოხდა, თითქოს გერმანიის პროკურატურას სურდა საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის რაიმე სახით კორექტირება. ელჩის განმარტებით, ეს ფორმულირება თავად ხანგოშვილის მოსაზრებაა.