სანზონაში, ლიახვის ქუჩისა და სასაფლაოების მიმდებარედ არსებულ ფერდს ხანძარი გაუჩნდა. ხუთი სახანძრო ბრიგადა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა ხანძრის ლიკვიდაციას. არსებობდა საშიშროება, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებზე და სასაფლაოს ტერიტორიაზეც გადასულიყო, თუმცა მეხანძრეებმა ხანძრის დროული ლოკალიზება მოახერხეს.
ხანძრის შედეგად ძირითადად, ბალახი და ბუჩქნარი დაიწვა. ასევე ფერდზე გამწვანებისთვის დარგულია ნაძვის, ნეკერჩხლისა და ნუშის ორწლიანი ნერგები და არსებობდა საფრთხე, რომ ხანძარს ისინიც გაენადგურებინა, თუმცა ნერგები ადგილობრივებმა გადაარჩინეს, რომლებიც მეხანძრეებს ხანძრის ჩაქრობაში საკუთარი ძალებით ეხმარებოდნენ. საერთო ჯამში, დაახლოებით ჰექტარ-ნახევარი ტერიტორია დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.