კეზერაშვილის ბრალდების საქმეზე მოსამართლემ გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოაცხადა
დავით კეზერაშვილის ბრალდების საქმეზე მოსამართლემ გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოაცხადა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ქონების იძულებით გადაფორმება ედებოდა ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, კეზერაშვილმა 2010 წელს, ბიზნესგავლენების გაფართოების მიზნით, გადაწყვიტა ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებას ტოვებდა.
აღნიშნული ბიზნესი მამა-შვილ ნიჟარაძეების ეკუთვნოდათ. გამოძიებისა და საქმის მასალების მიხედვით, კეზერაშვილმა თამაზ ნიჟარაძეს აღნიშნული ქონება იძულებით, მუქარით დაათმობინა.
საქმეზე განხილვა ორ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.
საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ მტკიცებულებებით და ჩვენებებით კეზერაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალი დასტურდებოდა. სავარაუდოდ, პროკურატურა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.