სასამართლო პროცესი დავით კეზერაშვილის საქმეზე

დავით კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და  მას 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა.
კიდევ ერთი ბრალდებულის, ალექსანდრე ნინუას მიმართ კი სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დააკმაყოფილა. კეზერაშვილის მხარე აპირებს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. როგორც ადვოკატები განმარტავენ,  ვიდრე უმაღლეს ინსტანციაში საქმის განხილვა არ დასრულდება, გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევენ, რადგან იძულებითი აღსრულების დაწყების შემთხვევაში, შესაძლოა, კეზერაშვილის აქტივი დაყადაღდეს ტელევიზიაში. ზიანის ანაზღაურებაზე ეს დავა თავდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ დაიწყო, რაც სისხლის სამართლის საქმეზე, 2021 წელს უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილის და ნინუას მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ, წვრთნების ჩატარების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება არ მიუღია.