კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ახალი მფლობელის, დარეჯან დვალის ადვოკატი აცხადებს, რომ ყოფილ მფლობელთან, მარინა ხატიაშვილთან შეთანხმება შედგა და მას უძრავ ქონებას გარკვეული პირობების სანაცვლოდ დაუბრუნებენ. მისივე თქმით, ხატიაშვილმა წარდგენილი პირობები ერთი თვის ვადაში უნდა შეასრულოს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ წერილობითი შეთანხმება გუშინ გვიან საღამოს გაფორმდა. 23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით თბილისში, კეკელიძის პირველი ნომრიდან გამოასახლა ოჯახი. გამოსახლების პროცესში პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა. ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.