კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“

დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით უყარეს კენჭი. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, ცხრა კი წინააღმდეგი იყო. პარლამენტმა კანონპროექტზე გუშინდელ პლენარულ სხდომაზე დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში იმსჯელა. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათთვის უკრაინული მოდელი მიუღებელია, რადგან ევროკომისიის რეკომენდაციებს ვერ პასუხობს. პროექტის მიხედვით, ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს.