ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, ისევ აქტუალური გახდა გაზის უსაფრთხოდ მოხმარების საკითხი. „გაუფრთხილდი სიცოცხლეს“ – ამ სახელწოდების კამპანიას განაგრძობს ენერგოომბუდსმენის აპარატი. ამ საკითხთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენმა დღეს ბრიფინგი გამართა. სალომე ვარდიაშვილი მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ ცივი სეზონის დადგომისთანავე, გაზის დანადგარები და შიდა ქსელები სპეციალისტებს შეამოწმებინონ. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც საცხოვრებელ ფართებში განთავსებულია ისეთი დანადგარები, რომელთა არსებობა დაუშვებელია დახურულ სივრცეში. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ღია წვის წყლის გამაცხელებელი, რომლის ნამწვი ბინაში არ უნდა დაგროვდეს. კამპანიის ფარგლებში, კარდაკარ-ის პრინციპით, მარეგულირებლები მოქალაქეებს გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესებს გააცნობენ.