კახა ბექაური: მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონი ამ დრომდე ვერ სრულდება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის მიერ 2013 წელს მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონი ამ დრომდე მედიასაშუალებების მიერ სრულყოფილად არ სრულდება.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ კანონის აღუსრულებლობა პრობლემაა. 2011 წელს მიიღეს კანონი, რომლითაც გამჭვირვალე გახდა მფლობელები, მაგრამ ეს არასაკმარისი იყო და 2013 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომელიც ავალდებულებდა ტელევიზიებს, გამჭვირვალე გაეხადათ თავისი ფინანსები.
მაყურებელმა უნდა იცოდეს მფლობელიც და ფინანსებიც, იმისთვის, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს, გაანალიზოს, რატომ არის მიკერძოებული ან მიუკერძოებელი, ანუ ვის ინტერესებს ემსახურება,-განაცხადა კახა ბექაურმა. მისივე თქმით, ამ დრომდე კანონის აღსრულება ვერ ხერხდება, თუმცა მისივე განმარტებით, კანონის აღსრულება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პასუხისმგებლობა და ფუნქციაა.