20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებული ლევან ჯიქური 2 000-ლარიანი გირაოთი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ლევან ჯიქურისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა ადვოკატმა დააყენა. შუამდგომლობას ბრალდების მხარეც დაეთანხმა. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ბრალდების მხარემ წარადგინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ჯიქურს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს და ესაჭიროება სამედიცინო დახმარება. სასამართლოზე ლევან ჯიქურმა უარყო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, თუმცა დაადასტურა, რომ იმყოფებოდა აქციაზე და ხელში ეჭირა პოლიციელის ფარი. ლევან ჯიქურმა და მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება უდაოდ უცნეს. დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბესიკ თამლიანმა განაცხადა, რომ ის უკვე ცხრა დღეა შიმშილობს და შიმშილობას შეწყვეტს, თუ ბრალდებული ლევან ჯიქურის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიება იქნება გამოყენებული.