შშმ პირის ცემის საქმეზე ორი პატრულ-ინსპექტორი დააკავეს

უმძიმესი კადრების გავრცელების შემდეგ, ორი პოლიციელი დაკავებულია. ისნის მეტროსადგურში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი ბიჭის ცემის გამო დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს დამამცირებელი მოპყრობის ბრალდება აქვს წაყენებული, მეორე სამართალდამცველს კი, რომელიც გამოძიების მასალების მიხედვით ფიზიკური ძალადობის ფაქტს შეესწრო, დანაშაულის დაფარვას ედავებიან. მოქალაქის მიერ ტელეფონით გადაღებული და მედიისთვის მიწოდებული კადრები მძიმე საყურებელია – ვიდეო-მასალაში ჩანს, რომ სმენადაქვეითებული არასრულწლოვანი პოლიციელს სმენასთან დაკავშირებულ პრობლემაზე უთითებს, თუმცა სამართალდამცველი მის ცემას განაგრძობს. ძალადობა მეტროს შესასვლელში, საპატრულო პოლიციისთვის განკუთვნილ ოთახში მოხდა. დაზარალებულს დაზიანებები სახის და თავის არეში აქვს მიყენებული. მას სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება. ყრუთა კავშირი დაკავებულებისთვის ადეკვატური სასჯელის მისჯას მოითხოვენ.