„ჯარის ბანაკი“

ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის ზრდის მიზნით, თავდაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი დაიწყო. საზაფხულო „ჯარის ბანაკმა“ პირველი ნაკადი 25 ივნისს მიიღო, ამჟამად მეოთხე როტაციის ეტაპია.

სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ პროექტში 800 მოზარდი მიიღებს მონაწილეობას. მათთვის სპეციალური სასწავლო პროგრამა შეიქმნა და სხვადასხვა აქტივობაც დაიგეგმა. ბანაკის მონაწილეები საველე პირობებში ვარჯიშობენ, გადიან საცეცხლე მომზადებას, სწავლობენ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისა და დაშავებულების ევაკუაციის წესებს.

„ჯარის ბანაკი“ მოსწავლეებს, სამხედროებთან ერთად, „დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ საკმაოდ აქტიურ, საინტერესო, შემეცნებით, მხიარულ და სიახლეებით დატვირთულ დღეებს ჰპირდება.