კორონავირუსის შტამ „ომიკრონის“ ახალმა ვარიანტმა XBB.1.5-მა, რომელიც შეერთებულ შტატებში დომინანტური გახდა, სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შესაძლოა დაინფიცირების ახალი ტალღა გამოიწვიოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ მისი მზარდი გავრცელებით, განსაკუთრებით ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც „ომიკრონ ექს ბი-ბი 1.5-მა სწრაფად ჩაანაცვლა სხვა ქვევარიანტები“, – აღნიშნა მარია ვან კერხოვემ. მისი თქმით, შტამი 29 ქვეყანაში გამოავლინეს, მაგრამ ის შესაძლოა ბევრ სხვა ქვეყანაში გავრცელდეს. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, ჯანმო-ში ჯერჯერობით არ იციან, არის თუ არა ექს-ბიბი ერთი ხუთი უფრო მძიმე, ვიდრე სხვა ქვევარიანტები, რომლებიც ცირკულირებენ. პარალელურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთს აკრიტიკებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩინეთის „კოვიდ 19“-ის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და ნაკლებად გამოხატავს ჰოსპიტალიზაციისა და დაავადებით დაღუპულთა რაოდენობაზე რეალურ მდგომარეობას.