იუნესკოს კიდევ ერთი დასკვნა გელათის სამონასტრო კომპლექსზე.
საკუთარ შეფასებებს და რეკომენდაციებს ორგანიზაციიდან გამოგზავნილი ინსპექტირების ის ჯგუფი წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ნოემბერში სტუმრობდა. მთავარ პრობლემად 2015-18 წლებში დამონტაჟებული სახურავი და შედეგად ტაძარში წყლის ჩასვლაა დასახელებული, რაზეც მინისტრი თეა წულუკიანი პასუხისმგებლობას იხსნის იმ არგუმენტით, რომ წყლის გაჟონვის პერიოდში ის კულტურის სამინისტროს თანამდებობას ჯერ არ იკავებდა. პრობლემადაა მიჩნეული გელათის კომპლექსის მართვის გეგმის არ არსებობაც. ასევე ცალკეული შენიშვნებია გამოთქმული კედლის მხატვრობის კონსერვაციის დროს გამოყენებულ ზოგიერთ ნივთიერებაზე. ინსპექტირების ჯგუფის რეკომენდაციაა, რომ შემოდგომიდან შეჩერებული სამუშაოები კულტურის სამინისტროს მიერ მომზადებული პროგრამის მიხედვით სწრაფად განახლდეს. ამავე დასკვნაში დადებითად ფასდება ახალი სახურავის ის დიზაინი, რომელიც იტალიელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს.