იტალიის პრემიერ-მინისტრი გადადგა. მარიო დრაგიმ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით პრეზიდენტს უკვე მიმართა. მატარელას ოფისში აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტმა ცნობად მიიღო პრემიერის გადადგომა და მარიო დრაგის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულება სთხოვა. მიმდინარე კვირის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სერჯიო მატარელა პარლამენტის დათხოვნას და ოქტომბერში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას გეგმავს. დღეს პრეზიდენტს პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. იტალიის მმართველი კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც 20 ივლისს, დრაგის ძირითადმა კოალიციურმა პარტნიორებმა არ მიიღეს მონაწილეობა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრაში, რაც მიუთითებს ხელისუფლებაში პოლიტიკურ განხეთქილებაზე, რომელიც უკვე 18 თვეა მიმდინარეობს.