იტალიელი ექსპერტები გელათში

გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების ჯგუფი ეწვია. ხუთი თვის განმავლობაში,​ ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად საჭირო სამუშაოებს ჩაატარებენ. იტალიელ ექსპერტებთან ერთად, გელათში იმყოფებოდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი. ჯგუფი, კულტურის სამინისტროს მოწვევით, გელათში 13 თვის წინ ჩამოვიდა და ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავის ყველაზე დაზიანებული მხატვრობა განადგურებას გადაარჩინა. მათ შორის იყო მაცხოვრის გამოსახულება. სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მხატვრობის ეს ნაწილი დღესაც უცვლელად არის შენარჩუნებული, ტაძარში წყლის ინფილტრაცია კი სრულად აღმოფხვრილია.