USAID-მა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას 600 000 დოლარის ღირებულების სამედიცინო ნარჩენების მართვისთვის საჭირო მოწყობილობები და აღჭურვილობა გადასცეს. კონტეინერები ბასრი ნივთებისთვის, პირადი დამცავი აღჭურვილობა, ნარჩენების ურნები, საპნისა და პირსახოცების დისპენსერები მინიმუმ 7 ცენტრალურ საავადმყოფოსა და 1 000-ზე მეტ სოფლის ამბულატორიაში გადანაწილდება.
გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში გაიმართა, რომელიც პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია. აღნიშნული დახმარება USAID-ისა და ჯანმოს COVID-19-ზე რეაგირების ერთობლივი პროგრამის ნაწილია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, შეიმუშავოს სამედიცინო ნარჩენების მართვის სწორად დაგეგმილი სტრატეგია და პროცესები, იმუნიზაციითა და სხვა სამედიცინო საქმიანობით წარმოქმნილი ნარჩენების არაადეკვატური მართვის აღმოსაფხვრელად, ჯანდაცვის პერსონალის უსაფრთხოებისა და გარემოს დასაცავად.