მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.
ქადაგებისას ილია მეორემ დღესასწაულის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. შესრულდა ბზის კურთხევის ცერემონია.
მორწმუნეებისთვის, რომლებიც მარხვას იცავენ, ეს დღე თევზით ხსნილია. სამების ტაძარში მრევლს ვნების კვირის მსახურებაზეც მიაწოდეს ინფორმაცია.
მთელი კვირის განმავლობაში ტაძრებში სხვადასხვა ღვთისმსახურება ჩატარდება. სამშაბათს კი სამების ტაძარში შვიდგზის ზეთისცხების რიტუალი გაიმართება.
რაც შეეხება ხარების დღესასწაულს, ამ დღეს კიდევ ერთხელ აკურთხებენ მცხეთას. სვეტიცხოველში საზეიმო ლიტურგიის შემდეგ, მღვდელმთავრები ქალაქში ნაკურთხ წყალს ასხურებენ. მელქისედეკ კათალიკოსის მიერ დაწესებული ეს ტრადიცია რამდენიმე წლის წინ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღდგა.