ილია ჭავჭავაძის 184-ე იუბილე მწერლის მუზეუმის განახლებით აღინიშნება.
ჯავახიშვილის ქუჩაზე საუკუნენახევრის წინ აგებული სამსართულიან შენობაში ავთენტურობა სრულად არის შენარჩუნებული. პირადი წერილები, უნიკალური ფოტო-მასალა, დოკუმენტები, გაზეთ „ივერიის“ სტამბა უცვლელი სახით და ოთახები, რომლებიც ილიას საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების ყველა დეტალს აცოცხლებს – რეაბილიტაცია-რესტავრაციის მასშტაბური სამუშაოების შემდეგ მუზეუმი ვიზიტორებს უკვე იღებს.
აღდგენილ ოთახებს შორისაა ილიას და ოლღას საძინებელიც. ამ ოთახის არსებობა რესტავრაციამდე მხოლოდ წერილობითი წყაროებით დასტურდებოდა. მუზეუმის ვიზიტორები ასევე ნახავენ ილია ჭავჭავაძის კაბინეტსაც და გაივლიან ოთახებში, სადაც მწერალი თანამოაზრეებთან ერთად საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა.