იკვეთება თუ არა ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე სისტემური დანაშაული – თუ გამოძიების ვერსიას დავეყრდნობით, შადრევნის რეაბილიტაციის დასრულების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ შემდეგ მერიის გარემოს დაცვის სამსახურის მოადგილის დავალებით ელექტროსადენებზე უსაფრთხოების წესის დარღვევით ჩატარებული სამუშაო მერიამ შემოწმების გარეშე ჩაიბარა. სწორედ ამ სამუშაოს დროს დაზიანდა სადენის იზოლაცია, რამაც გამოძიების მიხედვით, წყალში დენის გატარება გამოიწვია. ცალკე პრობლემაა ის, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ექსპერტიზის გაყალბებული დასკვნა გაიცა. თუმცა კომპანია „მშენექსპერტი“, რომლის დირექტორი და თანამშრომელი დაკავებულები არიან, დოკუმენტის გაყალბებას უარყოფს. კითხვებს აჩენს ამ კომპანიის ხელმძღვანელის მიერ დაკავებამდე გაკეთებული განცხადებებიც, რომლის მიხედვით ექსპერტიზის დროს მას მხოლოდ სამუშაოს მოცულობების და ხარჯების შემოწმება ევალებოდა და არა უსაფრთხოების ნორმების.