განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან აქცია-პერფორმანსი გამართეს შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და აბიტურიენტებმა. მათ ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. სტუდენტების თქმით, ადმინისტრაცია სააპელაციო საბჭოს საკითხის შესასწავლად ოფიციალურად მომავალ კვირაში მიმართავს.
აქციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გამოეხმაურა. თამარ სანიკიძის თქმით, სააპელაციო საბჭოს საჩივრის განსახილველად ერთი თვე აქვს, თუმცა საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას შემცირებულ ვადაში მიიღებენ. სანიკიძის თქმით, 106 აბიტურიენტს, რომლებსაც შავი ზღვის უნივერსიტეტი ჰქონდათ არჩეული, ხვალიდან ეცოდინებათ თუ რა პროგრამებს სთავაზობენ სხვა უმაღლესი სასწავლებლები.