იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრები და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ.

იასონ ლორთქიფანიძე 1919-1921 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველი. მისი წვლილი განსაკუთრებულია არა მხოლოდ ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბების, არამედ სხვა არაერთ ეროვნულ საქმეში – ის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი; სათავეში ედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას; იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი.