საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული კრიზისია.
მე-19 დღეა, რაც ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტები ჩაკეტილია, რის გამოც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საკვები პროდუქტების და მედიკამენტების დეფიციტია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ახალგორში. ოფიციალური თბილისის არაერთი მოწოდების და საერთაშორისო ორგანიზაციების მცდელობის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმები უკანონო გადაწყვეტილების გადახედვას არ ჩქარობენ.
მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ე.წ. საზღვრები ინფექციური ვირუსების გავრცელების პრევენციის არგუმენტით ჩაკეტეს, თუმცა ანალიტიკოსები ამ ნაბიჯის მიღმა სხვა მიზეზებს ხედავენ.