სამხრეთ აფრიკის სარჩელი ისრაელის წინააღმდეგ - ისრაელის პასუხი

ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელის მოსმენა დაიწყო. ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, რონალდ ლამოლამ განაცხადა, რომ ისრაელმა გადალახა ზღვარი და დაარღვია გენოციდის კონვენცია. „ძალადობა და ნგრევა პალესტინაში 7 ოქტომბერს არ დაწყებულა, ისინი ძალადობას განიცდიან ბოლო 76 წლის განმავლობაში. – განაცხადა რონალდ ლამოლამ. ამის შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ადვოკატს, ადილა ჰასიმს მოუსმინეს, რომელმაც განაცხადა, რომ „ჰამასთან“ ომის დროს ისრაელი გენოციდს სჩადის. ადვოკატის განცხადებით, პალესტინელებს კლავენ სხვადასხვა შეიარაღებით, ისინი ასევე არიან სიკვდილის რისკის ქვეშ შიმშილისა და დაავადებების გამო, ასევე დაბომბვის გამო ფერხდება ჰუმანიტარული დახმარების განაწილება, რაც ღაზაში ცხოვრებას შეუძლებელს ხდის. ღაზის საქმის კიდევ ერთმა ადვოკატმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის და უსაფრთხოების მინისტრების „გენოციდური რიტორიკა“ წარმოადგინა.

„დღეს ჩვენ სამყარო თავდაყირა ვიხილეთ“- ასე ეხმაურება ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელს, რომელიც ჰააგის სასამართლომ განიხილა. ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ტერორისტებსა და სიცრუეს ებრძვის და ამას სრულ გამარჯვებამდე განაგრძობს. პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ მშვიდობიან მოსახლეობაში ზიანის თავიდან ასაცილებლად.