საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი საქართველოს შესახებ 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს. მასში ქვეყნისთვის რამდენიმე აქტუალურ საკითხზეა საუბარი, მათ შორის პირველია საკონსტიტუციო რეფორმა. ამ პუნქტში მიმოხილულია საარჩევნო რეფორმის 2024 წლამდე გადავადების ირგვლივ ოპოზიციის, პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის პროტესტი. ნათქვამია ისიც, რომ ვენეციის კომისიამ დადებითი შეფასების მიუხედავად, პროპორციული საარჩევნო სისტემის გადავადება სამწუხაროდ მიიჩნია.
მკვლევარები ყურადღებას უთმობენ პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ძალადობის შემთხვევებს და ამ მხრივ პასუხისმგებლობის ნაკლებობაზე მიუთითებენ, კვლევის ამ ნაწილში ნათქვამია, რომ არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი ძალოვანების დანაშაულის გამოსაძიებლად, გამოძიება კი რიგ შემთხვევებში მსუბუქი მუხლებით მიმდინარეობს, სხვა ათობით შემთხვევებს შორის, ამ პუნქტში აფგან მუხტარლის საქმეც მოხვდა.
რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, აქ ორგანიზაცია ნარკოდანაშაულის მიმართ ქვეყანაში არსებულ მკაცრ ნორმებზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში მკურნალობის შესაძლებლობა შეზღუდულია, ნარკოდამნაშავე კი ხშირად არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით და მაღალი ჯარიმებით ისჯება. ამ პუნქტში “ ბირჟა მაფიის” გახმაურებული საქმეც მოხვდა.
კვლევაში საუბარი შეეხო შრომით უფლებებსა და ათობით დაღუპულ მუშას. ორგანიზაცია სახალხო დამცველის ანგარიშებს ეყრდნობა, სადაც ბოლო 5 წელიწადში 270 დაღუპულ მუშაზეა საუბარი. მკვლევარები მიუთითებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო შრომის ინსპექციისა და უსაფრთხოების დაცვის არაეფექტიანობის გამო, ხშირადაა კრიტიკის ობიექტი.