ჰიბრიდული ომის თეორია და რუსული პრაქტიკა
ჰიბრიდული ომის თეორია და რუსული პრაქტიკა
  • ჰიბრიდული ომის თეორიები

დღეს სახელმწიფოები და მათი შეიარაღებული ძალები ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური გამოწვევების ერაში იმყოფებიან.  ეს კომპლექსურობა განპირობებულია გლობალიზაციის პროცესის „წარუმატებელი წარმატებით“, თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელებითა და ხელმისაწვდომობით, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში დღეს არსებული გაურკვევლობებით და ტრადიციული პოლიტიკური სისტემების დასუსტებით. თანამედროვე გამოწვევებმა და არსებულმა გარემომ, როგორც ადრე ისტორიაში ხდებოდა, თავისი დაღი ომის წარმოების მეთოდებსა და ხერხებსაც დაასვა.

ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა და პოპულარობა შეიძინა ტერმინმა  „ჰიბრიდული ომი“, რომელიც დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით საყოველთაოდ ცნობილი  გახდა. ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებზე საუბრისას, ტერმინი სხვადასხვა კონფერენციებსა და შეხვედრებზე პოლიტიკოსებისა თუ დარგის ექსპერტების ტერმინოლოგიის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად ამისა, ცოტა მოიძებნება ადამიანი, რომელიც ზუსტად შეძლებს ტერმინის განმარტებას და თავს დააღწევს იმ თეორიულ აზრთა სხვადასხვაობას, რომელიც ამ ტერმინის ირგვლივ დღეს არსებობს.

ზოგადად, ჰიბრიდული ომის ირგვლივ ორი ძირითადი სააზროვნო მიდგომაა. არიან მკვლევარები რომლებიც ფიქრობენ, რომ „ჰიბრიდული ომი“ არის რეალობა რომელიც ცალკე, თავისთავად, გააზრებას საჭიროებს. მათი აზრით, იგი ცალკე დგას ომის წარმოების ტრადიციული და არა ტრადიციული ხერხებისგან, თუმცა შეიცავს თავის თავში ორივეს. მკვლევართა მეორე ნაწილის აზრით კი „ჰიბრიდული ომი“ თავისი შინაარსით შედგება იმისგან, რაც ომის წარმოების ისტორიისთვის არ არის ახალი, არ სჭირდება ცალკე გამოყოფა და ადვილად აიხსნება ისტორიულ პერსპექტივაში გააზრებით. შეიძლება თქვას, რომ მკვლევართა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ თანამედროვე ომის წარმოების ფორმაში არის სიახლეები რომელიც ყურადღებას საჭიროებს. ძირითადი კითხვა დაისმის, თუ რამდენად ახალია ეს ფენომენი ისტორიული პერსპექტივის ჭრილში. რომელი პოზიციაც არ უნდა იყოს მართალი, საინტერესოა ახლოს გავიცნოთ ის ავტორები, ვინც თავიანთ შრომებში განსაკუთრებული მნიშვნელობა დაუთმეს „ჰიბრიდული ომის“ საკითხს და ამით წვლილი შეიტანეს ომის თეორიაში ამ ტერმინის როგორც დამკვიდრებაში, ასევე გააზრებაში.

დასაწყისისთვის, საინტერესოა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტში მოღვაწეობის პერიოდში, ვიცე-პოლკოვნიკ ნათან ფრაიერის მოსაზრებები, რომელიც  აშშ-ს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაზე მუშაობისას მონაწილეობდა 2006 წლის „Quadrennial Defense Review Report“-ის მომზადებაში, სადაც მისი თაოსნობით მოცემული იქნა საფრთხეების დიაგრამა. მასში მოცემულია ის საფრთხეები რომელიც აშშ-ს უახლოეს მომავალში დაემუქრებოდა და შედგება ტრადიციული, არატრადიციული, კატასტროფული ტერორიზმის და სხვა დესტრუქციული საფრთხეებისგან, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, აშშ-ს სამხედრო უპირატესობის ნიველირებას ეცდება.

2007 წელს სტრატეგიულ სწავლებათა ინსტიტუტთან მუშაობის პერიოდში, ფრაიერმა დიაგრამის გარკვეული ასპექტების გადააზრება მოახდინა. მისი აზრით, ზემოთ ნახსენები საფრთხეების ტიპები წარმოადგენს არქიტიპებს, რომელებიც მომავალში ცალკე, თავიანთ აბსოლუტურ ფორმაში აღარ შეგვხვდებიან. მათ მაგივრად მომავალში, შერეული საფრთხეების შედეგად, საქმე გვექნება ე.წ. ჰიბრიდულ საფრთხეებთან და  ეს  ტრადიციული, არატრადიციული, კატასტროფული და ჰიბრიდული საფრთხეების ერთგვარი სინთეზი იქნება. ფრაიერი ამ საფრთხეებში ასევე გულისხმობს არაძალადობრივ საფრთხეებსაც, როგორიცაა პოლიტიკური და ეკონომიკური.

ისტორიული პერსპექტივის კუთხით, ავტორები ჰიბრიდულ ომს ძირითადად განიხილავენ უბრალოდ როგორც ტრადიციული და არატრადიციული ომის ფორმების ნაზავს. სამხედრო ისტორიკოსი პიტერ მანსური ჰიბრიდული ომის განსაზღვრებას გვთავაზობს, სადაც მას წარმოგვიდგენს როგორც „კონფლიქტს, რომელიც მოიცავს კონვენციური სამხედრო ძალების და არარეგულარული (პარტიზანები, მეამბოხეები, ტერორისტები) აქტანტების ნაზავს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო აქტანტებს და რომელთა მიზანი შესაძლოა იყოს საერთო პოლიტიკური მიზნების მიღწევა “. ამ პერსპექტივიდან დანახული ჰიბრიდული ომი, რა თქმა უნდა, არაა სიახლე ისტორიისთვის. პელეპონესის ომის თუ სუნ ძის ნაშრომის პერიოდიდან, უამრავი მაგალითი არსებობს, სადაც ძალა და ხერხების კომბინირებულად გამოიყენეს. თუმცა, ადრე ერთი აქტანტის მიერ კონვენციური და არატრადიციული ომის ფორმები უფრო ერთმანეთის დამოუკიდებლად გამოიყენებოდა, ვიდრე ერთდროულად და ინტეგრირებულად. როგორც წესი, პარტიზანული ოპერაციები ძირითადი ტრადიციული კამპანიების დამხმარე ოპერაციები იყო. 2006 წლის ისრაელ-ჰესბოლას შორის დაპირისპირება ითვლება იმ მომენტად, სადაც პირველად მოხდა ერთი აქტანტის მიერ ყველა ზემოთხსენებული ასპექტების კომბინირება ერთდროულად, ერთი კამპანიის ფარგლებში,  არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების მასიური გამოყენებით.

თუმცა, ბევრი ავტორი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ „ჰიბრიდული ომი“ ახალი ფენომენია. ამ იდეის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ფრენკ ჰოფმანია, ამერიკელი ვიცე პოლკოვნიკი,  რომელიც აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში მოღვაწეობს. ჰოფმანმა მისი ხედვები პირველად 2007 წელს წარმოადგინა სტატიაში „კონფლიქტი 21-ე საუკუნეში: ჰიბრიდული ომის აღმასვლა“. ამ ნაშრომის მიხედვით,  მომავალში აშშ-ს ბრძოლა მოუწევს ისეთ ოპონენტებთან, რომლებიც არა მხოლოდ არატრადიციული ან ტრადიციული ფორმით იომებენ, ან ტერორისტები არიან, არამედ  შეძლებენ ერთდროულად ყველა ამ მეთოდისა და საშუალების გამოყენებას. ჰოფმანი აღნიშნავს, რომ  ისტორიაში არის მაგალითები, როდესაც არატრადიციული და ტრადიციული ტაქტიკები ერთდროულად, კომბინირებულად  გამოიყენებოდა, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიურმა განვითარებამ  ომის წარმოება იმდაგვარად შეცვალა, რომ იგი წარმოგვიდგება როგორც ჰიბრიდული საფრთხე. ჰოფმანი აქ არ იძლევა ჰიბრიდული ომის დეფინიციას და მხოლოდ აღწერს მის შინაარსს.  მოგვიანებით, 2009 წლის სტატიაში „ჰიბრიდული ომი და გამოწვევები“ რომელიც გაერთიანებული ძალების კვარტალურ გამოცემაში გამოქვეყნდა, იგი საუბრობს რომ ჰიბრიდული ომის წარმოება როგორ სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო აქტანტებს შეუძლიათ და ხაზს უსვამს, რომ არასახელმწიფოებრივი აქტანტები წარსულშიც აწარმოებდნენ ომებს, მაგრამ არა ასეთი მომაკვდინებელი ძალის მქონე ეფექტით. ასეთი ლეტალურობა მიღწევადი გახდა თანამედროვე შეიარაღებაზე არასახელმწიფო აქტანტების ხელმისაწვდომობის გამო, რაც კომბინირებულია თანამედროვე კომუნიკაციური და ქსელური საშუალებების სხვადასხვა ფორმებთან.

საბოლოო ჯამში ჰოფმანი ჰიბრიდულ ომს ახასიათებს, როგორც „მოწინააღმდეგის ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ერთდროულად და ადაპტირებულად ომის ველზე  იყენებს კონვენციური იარაღის, არარეგულარული ტაქტიკის, ტერორიზმის და კრიმინალური მოქმედებების ნაზავს თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.“ იგი მომავლის ომებს არ ხედავს როგორც მხოლოდ ანტიპარტიზანული ოპერაციების დაპირისპირებას ტრადიციულ ომებთან.  ჰოფმანის კრიტიკისთვის სამართლიანია ითქვას, რომ ჰიბრიდული ომის ბოლომდე გასაგებად, არ არის საკმარისი მისი მხოლოდ ომის წარმოების  ტაქტიკური დონის ჭრილში დანახვა. უმნიშვნელოვანესია დავინახოთ რა ეფექტი აქვს „ჰიბრიდულ ომს“ და მის კომპონენტებს ოპერაციულ და სტრატეგიულ დონეებზეც. ამის კარგი მაგალითია იგივე უკრაინა და იქ მიმდინარე მოვლენები ზოგადად.

როგორც აღვნიშნეთ, ჰიბრიდული ომები არ არის სიახლე ბევრი ისტორიკოსის აზრით, რომლებიც მას, როგორც ტრადიციული და არატრადიციული ომის ხერხებისა და ტაქტიკის ნაზავს განიხილავენ. ისტორიკოსი თომას ჰაბერი თავის წიგნში „გაერთიანებული ომის წარმოება: ფატალური კვანძი“ ასევე წერს, რომ ომის წარმოების „გაერთიანებული ხერხები (compound warfare) წარმოიშვება ტრადიციული, არატრადიციული, პარტიზანული და სხვა ასიმეტრიული ძალების გაერთიანების შედეგად და მათი ერთდროული გამოყენებით.“ ავტორის მიერ წიგნში მოყვანილი ამერიკის რევოლუცია, ნაპოლეონის ომები ესპანეთში, მაო ძედუნის პარტიზანული მოქმედებები ჩინეთში – განხილულია როგორც ე.წ. „გაერთიანებული ომის წარმოება“.  მასში ძლიერი მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე სუსტი ძალა იყენებს ომის წარმოების ყველა მეთოდსა და საშუალებას ერთდროულად. ავტორის აზრით, ასეთ დროს არმიებს უხდებათ ძალების გაფანტვა როგორც მოწინააღმდეგის ტრადიციული, ასევე არატრადიციული ძალების წინააღმდეგ, რაც ართულებს არმიათა ლოგისტიკურ და საკომუნიკაციო მდგომარეობას. ჰაბერი ასევე აღნიშნავს, რომ ამდაგვარ ომებში ორივე ხერხის კომბინირებული გამოყენება შეიძლება ერთი აქტანტის მიერ იყოს კოორდინირებული ერთდროულად, კოორდინაციის სხვადასხვა ხარისხით.

ასევე საინტერესოა „შეუზღუდავი ომის“ თანამედროვე ჩინური თეორიის განხილვა, რომელიც თავისი არსით, ფაქტობრივად იმეორებს ჰიბრიდული ომის პრინციპებს. თეორია განხილულია წიგნში „შეუზღუდავი ომი“, რომელიც 1999 წელს გამოქვეყნდა ჩინეთის სახალხო არმიის ორი პოლკოვნიკის ქუაო ლიანგის და ვანგ ხიანგშუს ავტორობით. წიგნი გვთავაზობს მეთოდებს, რომლის მეშვეობითაც ჩინეთის სახელმწიფოს საშუალება ექნება დაამარცხოს მასზე ტექნოლოგიურად აღმატებული სახელმწიფო, ისეთი, როგორიც მაგალითად აშშ. ჰიბრიდული ომის მსგავსად, შეუზღუდავი ომის კონცეფცია გულისხმობს ყველა იმ საშუალების ერთდროულ გამოყენებას, რაზეც ჰიბრიდული ომების ზემოთ მოყვანილ განხილვებშია საუბარი. შეუზღუდავი ომის პირველი წესია რომ „არ არსებობს არანაირი წესი, არაფერია აკრძალული“. ავტორების თქმით, გლობალიზაციამ და თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეცვალეს ომის წარმოების გზები და დღეს იგი ნებისმიერი სივრცისა და საშუალების გამოყენებას გულისხმობს. თუმცა, თავისი არსით, ეს მოქმედებები კვლავინდებურად ომის ბუნების კანონებშია -მიმართულია მოწინააღმდეგის ნების გასატეხად.  სხვაობა მხოლოდ მეთოდებშია.

რუსული პრაქტიკა

განსაკუთრებით საინტერესოა ამ პოსტულატის რუსული ხედვა და ზოგადად ე.წ. რუსული ჰიბრიდული ომი. რუსულ სამხედრო აზროვნებაში მსგავსი კონცეფციები საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდიდან  სხვადასხვა ავტორების მიერ იყო წარმოდგენილი.

2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და უკრაინის ცნობილი მოვლენების შემდგომ, ბევრი უცხოელი მკვლევარი შეეცადა ამ მოვლენების დროს რუსეთის მიერ გამოყენებული „ახალი“ სტრატეგიისა თუ ტაქტიკის ფესვების ძიებას, რამაც ისინი მიიყვანა რუსეთის გენერალური შტაბის  მეთაურის, ვალერი გერასიმოვის მიერ 2013 წლის თებერვალში „სამხედრო-სამრეწველო კურიერის“ მერვე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიამდე – „მეცნიერების მნიშვნელობა მომავლის გააზრებისას. მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში ტერმინი „ჰიბრიდული ომი“ არ გვხდება, მასში გადმოცემული ხედვების გამო გერასიმოვი მოგვიანებით აღქმული იქნა როგორც რუსული ჰიბრიდული ომის იდეოლოგი. სტატიაში ავტორი ხაზს უსვამს არასამხედრო საშუალებების მნიშვნელობას, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების როლს თანამედროვე კონფლიქტებში. ყურადღებას ამახვილებს ტრადიციული სამხედრო საშუალებების მნიშვნელობის კლებაზე ომის პოლიტიკური ამოცანების მიღწევაში და სტრატეგიული ამოცანების რეალიზაციისთვის იმ არასამხედრო მეთოდების როლზე, რომლებიც სახელწიფოს საფუძვლების შერყევისკენ არის მიმართული ისე, რომ მოწინააღმდეგის დასამარცხებლად არ გახდეს  საჭირო სამხედრო საშუალებების გამოყენება. გერასიმოვის აზრით, ამდაგვარ ომებში ფრონტის ხაზი ძალიან პირობითია და ერთდროულად ყველა სივრცეში შეიძლება გადიოდეს.​ ​გერასიმოვის ხედვა ეფუძნება იდეას, რომლის თანახმადაც,თანამედროვე ომში ბრძოლის მთავარ სამიზნეს გონება წარმოადგენს და შესაბამისად,  თანამედროვე სამხედრო ოპერაციებში დომინანტური ადგილი საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ ომს ეთმობა.

მსჯელობა იმაზე, რომ  „რუსული ჰიბრიდული ომის დოქტრინის“ და მისი ოპერატიული გამოყენების საშუალებების რეალიზაცია მხოლოდ ამ სტატიის გამოქვეყნებიდან იწყება, რა თქმა უნდა, არასწორი იქნებოდა. „ჰიბრიდული ომის“ დამახასიათებელი მეთოდების წარმატებით გამოყენებისკენ რუსეთის ფედერაცია ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა, დაწყებული იმ ცვლილებებით,  რომელთა ძირითადი ტალღა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ მალევე დაიწყო, მათ შორის რუსეთის სპეციალური ძალების სარდლობის შექმნით, რომელიც  რუსეთის მიერ წარმოებული ოპერაციებისა და სამხედრო კამპანიების განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მიერ ბოლო წლებში წარმოებულმა სამხედრო კამპანიებმა გარკვეული გამოცდილება დააგროვა რუსულ შეიარაღებულ ძალებში, რამაც მათ საშუალება  მისცა, დოქტრინალურად კიდევ უფრო ღრმად გაეაზრებინათ ჰიბრიდული ომის პირობებში სამხედრო კომპონენტის და ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი სხვა ინსტრუმენტების კომბინირებული გამოყენების სპეციფიკა.

2019 წლის მარტში, ანუ პირველი სტატიის გამოქვეყნებიდან თითქმის 6 წლის თავზე, სამხედრო-სამეცნიერო კონფერენციაზე გამოსვლისას, ვალერი გერასიმოვმა კიდევ ერთხელ წარმოადგინა თავისი ე.წ. „განახლებული“ ხედვები სამხედრო სტრატეგიის მოთხოვნებთან დაკავშირებით თანამედროვე გარემოში.  ეს ხედვები, რა თქმა უნდა, ამ 5 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული სამხედრო მოქმედებების და სხვადსხვა შენიღბული საინფორმაციო ოპერაციების წარმოების გამოცდილებას დაეყრდნო. გერასიმოვის აზრით, დღეს ომში გამარჯვებისთვის, კვლავინდებურად, აუცილებელი პირობაა ერთდროულად სამხედრო და არასამხედრო მეთოდების გამოყენება შეიარაღებულ ძალებისთვის წარმატების უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებით აღინიშნა, რომ ნებისმიერ ფორმისა და სტრატეგიის წინააღმდეგ რუსეთს შემუშავებული აქვს თავისი კონტრსტრატეგია, რომელიც ე.წ „აქტიურად თავდაცვას“ გულისხმობს და სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თავის თავში სხვადასხვა ტიპის აქტიურ ღონისძიებებს აერთიანებს .

გერასიმოვი პირდაპირ საუბრობს რუსეთის საზღვრებს გარეთ შეზღუდული მოქმედებების სტრატეგიაზე, რაც გულისხმობს,  პირველ რიგში, თვითკმარი სამხედრო დაჯგუფების შექმნას, რომელიც საკმარისად მობილურია და დასმული ამოცანების განსახორციელებლად შესაბამის უნარებს ფლობს. ხაზგასმულია,  რომ ამგვარი დაჯგუფებების წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საინფორმაციო სივრცის დაპყრობა და შენარჩუნება, როგორც ტექნიკური, ისე წმინდა საინფორმაციო თვალსაზრისით. ამ კუთხით,  სირიის და უკრაინის გამოცდილებამ  რუსეთს საშუალება მისცა, კიდევ უფრო დაეხვეწა სამხედრო და არასამხედრო მეთოდების კომბინირებული გამოყენების პრაქტიკული რეალიზაცია. განვითარება ჰპოვა პოსტ-კონფლიქტური ვითარების რეგულაციების მეთოდებმაც, რაც უმნიშვნელოვანესი ასპექტია ზოგადად სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში.

აღსანიშნავია ის, რომ გერასიმოვი თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს პირდაპირ უწოდებს იარაღს და შესაბამისად, მათ განიხილავს როგორც სამხედრო და პოლიტიკური ამოცანების მიღწევის საშუალებას.მისი თქმით, სწორედ საინფორმაციო სფერო, რომელსაც არ გააჩნია გამოკვეთილი ნაციონალური საზღვრები, წარმოადგენს  იმ საშუალებას, რომელსაც შეუძლია ფარული ზემოქმედება მოახდინოს არა მარტო კრიტიკულად მნიშვნელოვან საინფორმაციო ინფრასტრუქტურაზე, არამედ ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობაზე და შედეგად – ქვეყნის უსაფრთხოებაზეც. ზემოთ მოყვანილი სტრატეგიული ხედვები კი უკვე გამყარებულია პრაქტიკული საშუალებების მრავალფეროვნებითაც და თარგმნილია შეიარაღების შესყიდვების გრძელვადიან გეგმებშიც. გარდა ამისა, კრემლი აქტიურად იყენებს როგორც ფინანსურ, პოლიტიკურ, კიბერ,  ასევე სადაზვერვო ინსტრუმენტებს პოლიტიკური გავლენისათვის ამა თუ იმ პროცესებზე. ყოველივეს შედეგად კი სხვა ზესახელმწიფოებთან შედარებით, მის ხელთ არსებული შეზღუდული რესურსების ეფექტურ კომპენსაციას ახდენს და ამ თვალსაზრისით, ყველაზე წინ არის წასული.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი დღეს, უკრაინული და სირიული გამოცდილების დამსახურებით, თავისი პოლიტიკური და სამხედრო ამოცანების მისაღწევად კომბინირებული და ჰიბრიდული მეთოდების გამოყენების ყველაზე დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას ფლობს და ამ გამოცდილებას ის საქართველოს წინააღმდეგაც საკმაოდ აქტიურად იყენებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, დადასტურებულია, რომ საქართველო ჰიბრიდული მოქმედებების ობიექტია. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ამ მოქმედებების წყაროც. როგორც წესი,  ამდაგვარ ვითარებაში, სახელმწიფოს უსაფრთხოების შესაბამისი დონის მისაღწევად, აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის გააზრებული და ერთიანი პოლიტიკის კოორდინირებული წარმართვა. ასეთ პოლიტიკას, ჩვეულებრივ, განსაზღვრავს უწყება რომელშიც ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი ყველა რგოლი იყრის თავს. საქართველოში ასეთი  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოა, თუმცა, თავად ამ საბჭოსა და მისი აპარატის დაფუძნების დაუსრულებლად გაწელილი პროცესი უდიდეს ზიანს აყენებს ქვეყანას და ღიად ტოვებს კითხვას, თუ ვინ უნდა მოახდინოს ჰიბრიდული  საფრთხეების თეორიული კლასიფიცირება, იდენტიფიცირება და კონტრპოლიტიკის კოორდინაცია?

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

ავტორი – გიორგი ანთაძე