ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება მწვავე პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანი ხდება.
მრავალწლიანი განხილვის შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აგვისტოს ომის რეზონანსული საქმის გამოძიება დასრულდა. დაპატიმრების ორდერების გაცემის შემდეგ ეთნიკური ქართველების წამებაში ბრალდებულ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სამ წარმომადგენელზე ძიება ცხადდება. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ ეს უკვე რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სასარგებლოდ დასრულებული მეორე სამართლებრივი დავაა, რაც დეოკუპაციის პროცესში ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ მყარ საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველს აძლევს. გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ ოპოზიციას ხელისუფლების მიმართ შეკითხვები, მმართველ გუნდს კი ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მიმართ არაერთი პრეტენზია აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ „ქართული ოცნების“ მთავარი ბრალდება მტკიცებულებების ნაწილის, მათ შორის ისკანდერის ნამსხვრევების გაქრობას ეხება. ურთიერთბრალდებების დროს დღეს არაერთხელ ახსენეს სტრასბურგში 2008 წელს მიღებული ცნობილი რეზოლუციაც.