გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის, გურამ პატარაიას ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის „გზა უსასრულო“ პრეზენტაცია და ხსოვნის საღამო გაიმართა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. წიგნი-ალბომი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა და მასში შესულია გურამ პატარაიას პირადი, სტუდენტობის დროინდელი წერილები, სტატიები და მოგონებები მისი ცხოვრებისა თუ შემოქმედების შესახებ. ლიტერატორ თამარ მიქაძის ავტორობით გამოცემული კრებული აერთიანებს საინტერესო ფოტოებსა და პოპულარულ ფრაზებს რეჟისორის ფილმებიდან, ასევე უნიკალურ მასალებს, რომლებიც უკავშირდება გურამ პატარაიას მიერ შექმნილ დოკუმენტურ ფილმებს: „რუსთაველის ნაკვალევზე“, „პალესტინის სიძველეთა საიდუმლოება“, ,,შორია გურჯისტანამდე“, „ათონის მატიანე“, „ტაო-კლარჯეთი“. გურამ პატარაიას შემოქმედება გაიხსენეს და მასზე ისაუბრეს ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა. ნაჩვენები იქნა ფრაგმენტები გურამ პატარაიას დოკუმენტური და მხატვრული ფილმებიდან.