სოფელ გუგუტიანთკარში უკანონოდ გავლებული მავთულხლართებით დაზარალებული სამი ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს. ქეთევან ციხელაშვილი გორში, გივი რაზმაძისა და ლავრენტი გუგუტიშვილის ოჯახებში იმყოფებოდა, რომელთა სახლებიც მავთულხლართებს მიღმა მოექცა.
სახელმწიფო მინისტრის სტუმრობის მიზანი პრემიერისა და მთავრობის სახელით მათთვის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვა იყო. ლავრენტი გუგუტიშვილისა და გივი რაზმაძის ოჯახები სახელმწიფოსგან სამეურნეო მიწის ნაკვეთს მიღებენ. აგრეთვე, ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით მათ ფულადი თანხა გადაეცემათ. დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ მიწის ნაკვეთები და სახლები გორში, სადაც ისინი 2008 წლის აგვისტოს ომისა და გუგუტიანთკარში საკუთარი სახლების დაბომბვის შემდეგ ცხოვრობენ. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ოჯახების წევრებს კი სახელმწიფო წამლებით უზრუნველყოფს.
სახელმწიფო მხარდაჭერას გამოხატავს ამირან გუგუტიშვილის ოჯახის მიმართაც, რომლის სახლიც მავთულხლართების გავლების შემდეგ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა, თუმცა მასზე წვდომა მაინც შეზღუდული აქვს. ამირან გუგუტიშვილის ოჯახი ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებს.
გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების ოჯახებში, სახელმწიფო მინისტრთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.