გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა – შემთხვევა კლინიკა „გორმედში“ მოხდა. სიკვდილის მიზეზებს გამოძიება ადგენს, მოკვლევას აწარმოებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოც. დაღუპულის ოჯახს პრეტენზიები მედიკოსების მიმართ აქვთ და მძიმე შედეგებზე პასუხისმგებლობას სწორედ მათ აკისრებენ. დაღუპულის ოჯახის წევრების თქმით, გეგმური საკეისრო კვეთა 12 აგვისტოს ჩატარდა, მეორე დღეს კი მშობიარე უეცრად დამძიმდა და დაიღუპა. ოჯახის თქმით, ექიმებმა მშობიარობის შემდეგ პროცესები ვერ მართეს და გულგრილობა გამოიჩინეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ მშობიარემ მიიღო ყველა შესაბამისი სამედიცინო სერვისი, გართულების შემდეგ ჩატარებული გადაუდებელი დახმარების ჩათვლით. დაწესებულებაში ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც აუცილებლად გაასაჯაროებენ. კლინიკა სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს.