საქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნების ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალა, მტკიცებულების სახით ერთვის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეს. ზემოაღნიშნული მასალა, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, განსაიდუმლოების შემდეგ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდების მხარემ 2020 წლის 3 სექტემბერს გადასცა მხოლოდ დაცვის მხარეს. აღნიშნული ჩანაწერების წარმომავლობასთან დაკავშირებით, ყველა სხვა სახის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სიმართლეს. – გლდანის ციხეში, საკნებში მყოფი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული პირების საუბრის ვიდეოჩანაწერები გუშინ ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა.
გლდანის ციხეში შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ვიდეოჩანაწერების გავრცელების საკითხს ეხმაურება სპეციალური პენიტენციური სამსახურიც. უწყების განცხადებაში ნათქვამია: „პირველ რიგში ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნამდვილად არ არის პენიტენციური სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერები, ვინაიდან პენიტენციური სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში არ ახორციელებს აუდიომიყურადებას. სამსახური მხოლოდ ვიზუალურ მეთვალყურეობას ახორციელებს, თუმცა მხოლოდ ზოგ და არა ყველა საკანში და ეს ხდება პატიმრობის კოდექსის საფუძველზე და, შესაბამისად, კანონიერად. ამიტომაც, ირიბი მინიშნება იმაზე, თითქოს პენიტენციური დაწესებულებიდან ტელევიზიამ მოიპოვა უკანონოდ დამზადებული ჩანაწერები, ტელევიზიის მიერ საკუთარი თავის წარმოჩენის წარუმატებელი მცდელობაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კადრები, რაც გასაჯაროვდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გახსნის მიზნით, კონკრეტულ საკნებში კანონიერად დამზადებული ჩანაწერებია, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს გენერალური პროკურატურა გააკეთებს შესაბამის განცხადებას“- ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.